weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მარტინ სკორსეზემ ვებგვერდი Rotten Tomatoes გააკრიტიკა

17:53 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

აღიარებულმა ამერიკელმა რეჟისორმა და პროდიუსერმა მარტინ სკორსეზემ ფილმების შემფასებელი პოპულარული ვებგვერდი Rotten Tomatoes და კომპანია CinemaScore გააკრიტიკა. ოსკაროსანი კინემატოგრაფი პრესტიჟულ გამოცემა The Hollywood Reporter-ზე გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში მიიჩნევს, რომ ფილმის შეფასების კუთხით კრიტიკის ამგვარი გამარტივებული ჩვევა სერიოზულად აზიანებს თანამედროვე კინოს.

74 წლის რეჟისორი თვლის, რომ კინოგაქირავებაზე დაკვირვების დამკვიდრებული ჩვევის გამო ფილმის ავ-კარგიანობაზე საუბარი სისხლიან სპორტს ჰგავს და უარყოფითად აისახება ფილმის საბოლოო შეფასებაზე. სკორსეზეს ცუდი მაგალითისთვის სწორედ ანალიტიკური კომპანია CinemaScore და ფილმების რეცენზიების შემგროვებელი ვებსაიტი rottentomatoes.com მოჰყავს.

„ისინი აფასებენ კინოსურათებს, როგორც თქვენ - ცხენებს იპოდრომზე, რესტორნებს - ცნობარში, ანდა საყოფაცხოვრებო ტექნიკას - კატალოგში. ისინი მთლიანად ბიზნესზე არიან გადართულნი და საერთოდ არაფერი აკავშირებთ კინოს შექმნასთან, ან - მათ ყურებასა და სიყვარულთან. კინემატოგრაფები უბრალო მწარმოებლებად აქციეს, მაყურებლები კი - მოწყენილ მომხმარებელად.“ - წერს მარტინ სკორსეზე.

რეჟისორის განცხადებით, ვებგვერდის დასახელებაც კი (Rotten Tomatoes - ინგლისურად: დამპალი პომიდვრები) შეურაცხმყოფელია და მაყურებელს თავიდანვე ნეგატიურ განწყობას უქმნის ფილმებისა და მათი შემქმნელების მიმართ, ნამდვილი კინომცოდნე კინოკრიტიკოსები კი მეორე პლანზე იმყოფებიან.

მარტონ სკორსეზემ მაგალითისთვის ახსენა რეჟისორ დარენ არონოვსკის წლევანდელი გახმაურებული ფილმი „დედა!“, რომელმაც კინოსამყაროში აზრები ორად გაყო - მაყურებელთა და კინოკრიტიკოსთა გარკვეულ ნაწილს ფილმი მოეწონა, ხოლო უამრავმა შემფასებელმა სასტიკად გააკრიტიკა ნამუშევარი. სკორსეზეს აზრით, ზოგიერთმა მაყურებელმა ვერ შეძლო ხსენებული ფილმის სიღრმისეულად შეფასება და მხოლოდ ზედაპირული გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა.

„ნამდვილი კინემატოგრაფების კარგი ფილმები გარჩევებისთვის, ანალიზისა და მოხმარებისთვის არ არსებობენ, არამედ არსებობენ იმიტომ, რომ ისინი კამერის მიღმა მყოფმა ადამიანმა გადაიღო. ნებისმიერი ვინმე, ვინც კინოისტორიას კარგად იცნობს, კარგად ეცოდინება ფილმების გრძელი სია, მაგალითად: The Wizard of Oz (1939), It’s a Wonderful Life (1946), Vertigo (1958) და სხვა, რომლებიც თავის დროზე მაყურებელმა დაიწუნა, თუმცა მრავალი წლის შემდეგ და დღემდე კლასიკურ ნამუშევრებადაა ქცეული. Rotten Tomatoes-ს რეიტინგები და CinemaScore-ის შეფასებები მალე გაქრება, თუმცა შესაძლოა მათ ნაცვლად უფრო საშინელი რამ გამოჩნდეს.“ - დასძინა სახელოვანმა რეჟისორმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენი თვის წინ ვებგვერდი Rotten Tomatoes რეჟისორმა და პროდიუსერმა ბრეტ რეტნერმაც გააკრიტიკა და მას უწოდა „ყველაზე საშინელი რამ, რაც ჩვენი დროის კინოკულტურას დაემართა“. მისი აზრით, ვებგვერდის რეიტინგები კინოფილმებს კლავენ, უმრავლესობა კი თანამედროვე შეფასებად სწორედ Rotten Tomatoes-ის რეიტინგებს კითხულობენ, რაც მცდარი მიდგომაა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]