„მე საკმარისი ვიცოდი იმისთვის, რათა მეტი გამეკეთებინა, ვიდრე გავაკეთე. ეს იყო უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ მოარული ხმები და ჭორები. ეს არ არის მხოლოდ ის, რაც მე სხვებისგან მოვისმინე. ერთი-ორჯერ მე ზუსტად ვიცოდი. ვისურვებდი, ამეღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მაშინ გავიგე. მე რომ ის გამეკეთებინა, რაც საჭირო იყო, მე მასთან მუშაობა აღარ მომიწევდა.“ - განაცხადა ტარანტინომ New York Times-თან ინტერვიუში.
რეჟისორმა საუბრისას ასევე გაიხსენა მისი ყოფილი მეგობარი გოგონა, მსახიობი მირა სორვინო, რომლისგანაც ჰარვი ვაინშტაინის მხრიდან ძალადობის კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოისმინა.
კვენტინ ტარანტინო და ძმები ვაინშტაინები და ხანგრძლივი დროის განმავლობაში თანამშრომლობდნენ და ახლოს მეგობრობდნენ. ჰარვი და ბობ ვაინშტაინები რეჟისორის პრაქტიკულად ყველა ფილმის პროდიუსერები იყვნენ.
ამ ეტაპზე ლოს ანჯელესის პოლიცია 2013 წელს მომხდარ სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებს, რომელშიც სწორედ ბოლო პერიოდის სკანდალში გახვეულ ჰარვი ვაინშტაინს ადანაშაულებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჰოლივუდელი პროდიუსერი სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში საჯაროდ დაადანაშაულა ორმოცამდე ქალმა, რომელთა კარიერაც კინოს უკავშირდება. თავად პროდიუსერი კი მტკიცედ უარყოფს იმას, რომ მას სექსუალური კავშირი ვინმესთან მეორე მხარის თანხმობის გარეშე ქონია. აღსანიშნავია, რომ მსგავს ძალადობაში ასევე ამხილეს ჰარვი ვაინშტაინის ძმა ბობ ვაინშტაინიც.