ცნობილია, რომ ხსენებულ ფილმში მეორე მთავარ როლს ბრიტანელი ახალგაზრდა ვარსკვლავი კლერ ფოი შეასრულებს, რომელიც პერსონაჟ ლისბეთ სალანდერის იმიჯს მოირგებს.
პერსონაჟ მიკაელ ბლუმკვისტის როლი აქამდე აწგარდაცვლილ შვედ მსახიობ მიკაელ ნიუკვისტსა და ბრიტანელ ვარსკვლავ დენიელ კრეიგს აქვთ შესრულებული, შესაბამისად - შვედურ კინოტრილოგიასა და ჰოლივუდურ ეკრანიზაციაში. რაც შეეხება სვერირ გუდნასონს, შვედი მსახიობი მაყურებელმა წელს გამოსული სპორტული ბიოგრაფიული ფილმით „ბორგი-მაკენროი“ გაიცნო.
ახალი სერიის სიუჟეტის მიხედვით, მთავარ გმირებს, ჰაკერ ლისბეთ სალანდერსა და გამომძიებელ ჟურნალისტ მიკაელ ბლუმკვისტს კიბერ-კრიმინალებისა და კორუმპირებულ პოლიტიკოსთა ჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ მოუწევთ მუშაობა.
ფილმის რეჟისორი ურუგვაელი ფედე ალვარესი იქნება, გადაღებები იანვარში, ბერლინსა და სტოკჰოლმში დაიწყება, პრემიერა კი 2018 წლის 19 ოქტომბერს შედგება.
შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გამოქვეყნებული რომანი „გოგონა ობობას ქსელში“ (შვედურ ორიგინალში ჰქვია: „ის, რაც არ გვკლავს“ - Det som inte dödar oss) ბესტსელერი რომანების სერია „მილენიუმის“ შემადგენელი მეოთხე ნაწილია. პოპულარული პირველი ტრილოგიის ავტორი შვედი მწერალი სტიგ ლარსონი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ ახალი სერია დავიდ ლაგერკრანცმა დაწერა.