რეალურ ისტორიაზე დაფუძნებულ ფილმში სათაურად „ოჯახი“ (The Family), ჩარლზ მენსონის როლს ბრიტანელი მსახიობი მეტ სმიტი განასახიერებს. ბიოგრაფიული დრამის სცენარი ორ წიგნზე იქნება დაფუძნებული. ერთი მათგანის ავტორი კარლენ ფეითია, რომელის სტუდენტობისას იცნობდა მენსონის კულტის მიმდევარ ცნობილ კრიმინალ გოგონებს - ლესლი ვან ჰაუტენს, სიუზენ ატკინსსა და პატრისია კრენვინკელს.
ცნობილია, რომ 1969 წლის 8 აგვისტოს წარუმატებელმა მუსიკოსმა და კომუნა „ოჯახის“ ლიდერმა ჩარლზ მენსონმა თავის მიმდევრებს ლოს ანჯელესის მახლობლად მდებარე სახლზე თავდასხმა უბრძანა. მენსონის სექტამ მხეცურად მოკლა სახლის ხუთი მაცხოვრებელი, მათ შორის რეჟისორ რომან პოლანსკის ცხრა თვის ორსული ცოლი - მსახიობი შერონ ტეიტი. მენსონის „ოჯახის“ წევრების სასამართლო პროცესი დიდხანს გაგრძელდა და შვიდ დამნაშავეს გაზის კამერაში სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა 1972 წელს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობის განაჩენით შეეცვალათ.
თავად ჩარლზ მენსონი მცირე ხნის წინ, კალიფორნიის შტატის ქალაქ ბეიკერსფილდის ჰოსპიტალში, 83 წლის ასაკში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.