82 წლის ბრიუს დერნი რეალურ პიროვნებას, ჯორჯ სპანს განასახიერებს - კალიფორნიაში მდებარე რანჩოს მეპატრონეს, რომლისგანაც ჩარლზ მენსონმა და მისმა სექტა „ოჯახმა“ რანჩო იქირავა და დასახლდა მასობრივი მკვლელობის ჩადენამდე.
ტარანტინომ რომან პოლანსკისა და ჩარლზ მენსონის როლებისთვის მსახიობებს მიაგნო
ახალ ფილმზე მუშაობა უკვე დაწყებულია და გადაღებების ნაწილი უკვე დასრულებულია. შეგახსენებთ, რომ კვენტინ ტარანტინოს რიგით მე-9 ფილმი, რომელიც სიუჟეტური წყობითა და სტილით, რეჟისორის ყველაზე ცნობილი და აღიარებული ნამუშევრის, „მაკულატურის“ მსგავსი იქნება, მომავალი წლის ივლისში გამოვა. მასში მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი შეასრულებენ.
ფილმში მოქმედება 1969 წელს, ლოს ანჯელესში ვითარდება. მთავარი გმირი რიკ დალტონი (დიკაპრიო) სატელევიზიო ვესტერნი სერიალების მსახიობია, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავობა სურს, მის დუბლიორ-კასკადიორ კლიფ ბუთს (ბრედ პიტი) კი იგივე გეგმები აქვს. სიუჟეტის მიხედვით, დიკაპრიოს პერსონაჟი მსახიობ შერონ ტეიტის გვერდით ცხოვრობს, ჩარლზ მენსონის სექტის მიერ ჩადენილი მისი მკვლელობა კი ფილმის ერთგვარი ფონი იქნება. რაც შეეხება სხვა როლებსა და მსახიობებს, შერონ ტეიტს მარგო რობი ასახიერებს, ფილში ასევე მონაწილეობენ: ალ პაჩინო, კურტ რასელი, ტიმ როთი, მაიკლ მადსენი, დაკოტა ფენინგი, დამიან ლუისი, ემილ ჰირში, ჯეიმს მარსდენი და სხვა მსახიობები.