თბოელექტროსადგურს გარდაბანში ჩინური საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაცია China Tianchen Engineering Corporation აშენებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ხვალიდან ობიექტის შესასვლელს დაბლოკავენ და ავტომობილებს არ გაატარებენ.
„საათში 3,75 ლარს მიხდიან, მაგრამ ტრანსპორტირებისა და კვების გამო, არაფერი მრჩება. ძალიან გადატვირთული სამუშაოა და ისე გვამუშავებენ, როგორც გაუხარდებათ. თუ ცუდი ამინდია, სამუშაოებს აჩერებენ და სახლში გვიშვებენ, არაფერს არ ანაზღაურებენ. კარგი ამინდის დროს კი, მაგრად გვამუშავებენ. ზოგჯერ 3-4-5 კაცს გვიწევს 15-20 ტონა არმატურის გადამუშავება. ხელშეკრულებები არ გვაქვს. გვითხრეს რომ იქნებაო, მაგრამ არ ვიცით, როდის იქნება. კომუნიკაციის პრობლემის გამო, ერთმანეთს ვერაფერს ვუხსნით. ისინი მხოლოდ ჩინურად ლაპარაკობენ, ჩვენ ჩინური არ ვიცით“;
„სასმელი წყალი სახლიდან მოგვაქვს. რომ გამოგველევა, არ გვაძლევენ. თავად ოფისებში „სნოს“ წყალი ულაგიათ და იმას სვამენ. რომ ვუთხრათ - მოგვეციო, უარს გვეტყვიან“;
„ხელფასის მომატება, ადამიანური მიდგომები და ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარებაა ჩვენი მოთხოვნა“, – ამბობენ გაფიცული თანამშრომლები „ინფო-რუსთავთან“ საუბარში.
მშენებლობაზე დასაქმებულებისგან შემდგარი ხუთკაციანი ჯგუფი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მოთხოვნები გააცნო: „კომპანიის უფროსი ჩინეთშია. უახლოეს დროში ველოდებით მის პასუხს. არ დავიშლებით. საქართველოს მოქალაქეები ვართ და ჩვენს უფლებებს ბოლომდე დავიცავთ“, – განაცხადა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.
გარდაბანში თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშნებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.