„ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს, რომ ამდენი ადვოკატი იცავდეს ვინმეს. თუ საჭირო იქნება, დავრეკავ ადვოკატთა ასოციაციაში, პროფკავშირებში და კიდევ ბევრ ადვოკატს მოვიყვანთ. ეს იმიტომ, რომ გიორგი ჭელიძის დაკავებით საქართველოს ეროვნულობა საფრთხეშია“, – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ჭელიძის პროცესის დაწყებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, პატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი ჭელიძე 31 აგვისტოს დააკავა. სამართალდამცველებმა გამოძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობის“ გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დაიწყეს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარჯიშობენ იარაღის სროლაში მოძრაობის წევრები.
„ფაშისტური კვირადღე. ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას. „შავპერანგიანები“ ყოველ კვირას რეგულარულად ვარჯიშობენ ბუნების წიაღში“, - აღნიშნული იყო ვიდეოს აღწერილობაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გიორგი ჭელიძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ჭელიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
3 სექტემბერს სასამართლომ ჭელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.