საბანაძე წუხელ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. მას არ დაუკონკრეტებია, რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება.
„ველოდებით ექსპერტიზის პასუხს. გამოძიებას აქვს კონკრეტული შედეგები და ამაზე უახლოეს საათებში ვისაუბრებთ“, - განაცხადა კახა საბანაძემ.
25 ოქტომბერს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს, რომელსაც კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
8 წლის გოგონას ოჯახის წევრები და სამართალდამცავები შუადღის შემდეგ ეძებდნენ. დედის თქმით, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.