მეზვრიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო მეტ დეტალებს შეგნებულად არ ასაჯაროვებს. შს მინისტრის მოადგილემ საზოგადოებას მოუწოდა, პირველ რიგში ოჯახის ინტერესები გაითვალისწინონ.
„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ შეშფოთებული ვართ იმ მითქმა-მოთქმით, რაც ამ საქმის გარშემო რეალურად ახლაც, ამ წუთებშიც მიმდინარეობს საზოგადოების სხვადასხვა წევრების მხრიდან. უმორჩილესად გთხოვთ, მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ პირველ რიგში ამოვიდეთ ოჯახის ინტერესებიდან. იმ ადამიანებს, ვინც ამ ფაქტებს აშუქებენ და ისინი, ვინც რაიმე ტიპის ინფორმაცის ფლობენ ამ საქმესთან დაკავშირებით, თავი შევიკავოთ ისეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება ოჯახი დააზიანოს“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
25 ოქტომბერს სამართალდამცავებმა 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ი.ნ. დააკავეს.
შსს-ს ცნობით, საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს, რომელსაც კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 13-დან 17 წლამდე.