„ეს უდიდესი ტრაგედიაა. ოჯახს სამძიმარი, სამძიმარი გორს და მთლიანად ქვეყანას. მძიმე დღეები იყო და მე პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო პირად შემადგენლობას, რომელმაც აქტიური მუშაობის შედეგად პირველადი შედეგი დადო. ჩვენ ვიცი, რომ ეს პირველადი შედეგი არის ობიექტური და ადეკვატური. ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე, რომ თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი და ეს იყოს კიდევ ერთი წვლილი შეტანილი უფრო უსაფრთხო გორში და უფრო უსაფრთხო ქვეყანაში“, - განაცხადა გახარიამ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.
25 ოქტომბერს, გორში, სამართალდამცველებმა 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე მოკლული იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული. მანამდე, 8 წლის გოგონას ოჯახი და პოლიცია რამდენიმე საათი ეძებდა. დედის თქმით, სკოლიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ბავშვი ცეკვის გაკვეთილზე წავიდა, თუმცა დანიშნულების ადგილზე არ მისულა.
პოლიციამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 34 წლის ი.ნ. დააკავა. შსს-ს ცნობით, საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს, რომელსაც კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 13-დან 17 წლამდე.