weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში მოკლული 8 წლის გოგონას მშობლებმა და ახლობლებმა აქცია გამართეს

22:38 ორშაბათი, 05 ნოემბერი 2018
ფოტოზე ნანა ბერიაშვილი ფოტოზე ნანა ბერიაშვილი

გორის ცენტრში მდუმარე აქცია გამართეს 25 ოქტომბერს სასტიკად მოკლული 8 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. როგორც გარდაცვლილის მშობლებმა განაცხადეს, ისინი საზოგადოების მხარდაჭერას ითხოვენ, სამომავლო გეგმების შესახებ კი განცხადებას მიგვიანებით გააკეთებენ.

„დამიდგნენ გორელები მხარში. ჯერ გორში ვარ და ამიტომ ვახსენებ მათ, თორემ დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო დამიდგება გვერდში. დღეს მდუმარე აქცია გვაქვს. უბრალოდ მინდა, ხალხის გვერდში დგომა ვიგრძნო. რისთვის მჭირდება, ამას ჯერ ვერ ვიტყვი. ხალხი ყველაფერს ერთად გადავწყვიტთ“, – განაცხადა მოკლული გოგონას მამამ, მიხეილ ბერიაშვილმა.

მოკლული ნანა ბერიაშვილის მამას და პაპას გორის პოლიციაში დღეს საქმის მასალები გააცნეს, მათ შორის, მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძეს მობილური ტელეფონიდან ამოღებული ფოტო და ვიდეომასალები.

„გორელებო დამიდექით გვერდზე და მერე მივმართავ საქართველოს. ეგ კაცი უნდა გადმოგვცენ. ლინჩის წესით კი არა, უნდა გატყავდეს“, – თქვა ბავშვის პაპამ, ხვიჩა ბერიაშვილმა პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ.

საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარი ადვოკატმა გიორგი გელხაურმა გააკეთა: „საქმე ეხება ბავშვს და გვყავს პირი, რომელსაც ბრალად გარყვნილი ქმედება ედება. შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ამ ფოტოების და ვიდეოს საფუძველზე ბრალად შერაცხული გარყვნილი ქმედება არის და ჩანს. ხელის ურიკაა ამოღებული, რომელზეც სისხლის კვალია. დანიშნულია ექსპერტიზები“.

8 წლის ნანა ბერიაშვილი მოკლული 25 ოქტომბერს იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. თვითმხილველების თქმით, ბავშვს ფეხები რკინის მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოცმული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავა. პროკურატურამ მას ბრალი 27 ოქტომბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იაგო ნებიერიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით [გარყვნილი ქმედება] დაუმძიმდა.

იაგო ნებიერიძე ნასამართლევია და საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა. 2008 წელს სასამართლომ ის ყაჩაღობასა და ძარცვაში ცნო დამნაშავედ და 18 წლითა და 4 თვით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრი ერთი წლით შეუმცირა, 2012 წელს კი ამნისტია შეეხო, რის შედეგადაც 7 წელი და 4 თვე ჩამოაკლდა. მსჯავრდებული პრეზიდენტის მიერ არის შეწყალებული. როგორც შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განმარტა, კომისიის მიერ საქმის განხილვის დროს, იაგო ნებიერიძის მოსახდელი რჩებოდა 2 წელი და 3 თვე. გიორგი მარგველაშვილმა მას 1 წელი და 1 თვე ჩამოაკლო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]