დღეს ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა უცნობია, რა კითხვები ჰქონდა მასთან საგამოძიებო უწყებას.
ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი რამდენიმე გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს, მათ შორის არის „ომეგა ჯგუფის“ საქმე, რომელიც ბოლო ორი თვეა განიხილება. „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა 30 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, მას ფულს სძალავდა.
„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმის კიდევ ერთი მონაწილე, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი გაიტაცა, რათა ბიძინა ივანიშვილის დავალებით მისთვის „ჭკუა ესწავლებინა“. ტელეკომპანიის ცნობით, ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა, ცემა და გაუპატიურებით დაემუქრა. ლევან ყიფიანმა სარდაფში ჩაკეტვისა და გაუპატიურების მუქარის ეპიზოდს „ფარსი“ უწოდა. მოგვიანებით „რუსთავი 2“ ვიდეოჩანაწერიც გამოაქვეყნა, სადაც ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მომხდარ ინციდენტზე საუბრობს.
2017 წლის მაისში ოთარ ფარცხალაძე თავდასხმაში დაადანაშაულა მაშინდელმა გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ. თორდიას ჩვენებით, თავდასხმის მიზეზი მისი პროფესიული საქმიანობა გახდა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 2013 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.