„პარლამენტის წინ არის ცენტრალური ადგილი, სადაც იდგმება საახალწლო მთავარი ნაძვის ხე. ეს მე არ მომიფიქრებია, ტრადიციაა, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება“, – განაცხადა კალაძემ.
ზაზა სარალიძემ თბილისის მერიას აქციის ვადის გახანგრძლივებისა და კარვების გაშლის ნებართვისთვის პირველ ნოემბერს მიმართა, რაზეც მერიიდან უპასუხეს, რომ 7 ნოემბრიდან აქციის ადგილი უნდა შეცვალონ.
„კანონის თანახმად განვუმარტეთ, რომ შეუძლებელი იქნება ამ კონკრეტული ადგილის გამოყენება, რადგან დედაქალაქის მერია ემზადება საახალწლო ღონისძიებებისთვის. მათ აქვთ შესაძლებლობა, ნახონ ქალაქში სხვა ადგილი, სადაც არ იქნება საახალწლო ღონისძიებები, რათა ერთმანეთისთვის ხელის შეშლა არ მოხდეს. ამის უფლება მიეცემათ, არანაირი პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, რა ზომებს მიიღებს მერია, თუ სარალიძე და მაჩალიკაშვილი აქციის ადგილს არ შეცვლიან, თბილისის მერმა განაცხადა, რომ მათ პასუხი კანონის ფარგლებში გაეცემათ.
ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებენ, რომ მათი პროტესტი საახალწლო ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის. მათივე თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.
შვილმოკლულმა მამებმა პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია 10 სექტემბერს დაიწყეს. ისინი მათი შვილების საქმეების ობიექტურ გამოძიებას და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.