„ორი დღით მომიწია წასვლა ხეობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე და ვიფიქრე, თემირლანის საფლავს თვალს გადავავლებ-მეთქი. ამასობაში ტელევიზორში ვხედავ ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანი და დედამისი კატასტროფის ბრიგადას მიჰყავს. არ ვიცი, ამ ხელისუფლებას რა უნდა ველაპარაკო ან მე, ან ჩვენ.
ამ ორ ადამიანს მთელი სახელმწიფო გვებრძვის. ამასობაში რუსმა ოკუპანტმა საქართველო შეჭამა, ლამის კარზე მოგვადგა. ორ ადამიანთან, რომელიც სამართალს ვეძებთ, ომის განმავლობაში კინაღამ შემოგვივიდა ოკუპანტი, კარზეა მოსული. მივმართავ ხელისუფლებას, რას ფიქრობს?!“, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა თანადგომისკენ: „გამოვიდეთ მთელი საქართველო. დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც სისხლში აქვთ ამოსვრილი ხელები. ემიგრანტებს ვთხოვ, ჩამოვიდნენ, მიხედონ საქართველოს. დავუსვათ ამ სისხლიან რეჟიმს წერტილი და მივცეთ უფლება იმ სხვა ადამიანებს, დასაჯონ ეს ნაძირლები“.
სარალიძე და მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობასთან, მათი შვილების საქმეების ობიექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიან აქციას 10 სექტემბრიდან მართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს.
9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით, შვილმოკლულ მამებს აქციის ადგილის შეცვლა სთხოვა, რაზეც მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ განაცხადეს, რომ მათი პროტესტი საახალწლო ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.
10 ნოემბერს, 20:00 საათიან არასამთავრობო ორგანიზაციებმა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვების წართმევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა მოახერხეს. ისინი ღამეს პარლამენტის შენობასთან ათევენ.
ამ თემაზე:
საახალწლო ღონისძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არაა – ლომჯარია