პეტიციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ შვილმოკლულ მამებს მოსთხოვა, რუსთაველის გამზირიდან პროტესტი სხვა ადგილზე გადაიტანონ, რაც საახალწლო ნაძვის ხისა და განათებების დამონტაჟების აუცილებლობით ახსნა.
„ჩვენ უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე, თუკი ხელისუფლება და თბილისის მთავრობა გვაიძულებს, არჩევანი გავაკეთოთ ადამიანის ფეხქვეშ გათელილ უფლებასა და ნაძვის ხეს შორის. ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, უარს ვამბობთ საახალწლო ნაძვის ხეზე“, – ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორები 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას ისახავენ მიზნად. ამ დროისთვის მთავრობისადმი მიმართვას 1500-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.
სარალიძე და მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, მათი შვილების საქმეების ობიექტური გამოძიებისა და სახელმწიფოს მიერ დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიან აქციას 10 სექტემბრიდან მართავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს.
9 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ საახალწლო ნაძვის ხის დადგმის საბაბით, შვილმოკლულ მამებს აქციის ადგილის შეცვლა სთხოვა, რაზეც მაჩალიკაშვილმა და სარალიძემ განაცხადეს, რომ მათი პროტესტი საახალწლო ღონისძიებებს ხელს არ შეუშლის და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას მანამდე არ დატოვებენ, ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მიიღებენ.
10 ნოემბერს, 20:00 საათიან არასამთავრობო ორგანიზაციებმა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებისთვის ჯერ კიდევ გაუშლელი კარვების წართმევა სცადა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდნენ ზაზა სარალიძე და მისი დედა. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავების წინააღმდეგობის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კარვების გაშლა მოახერხეს. ისინი ღამეს პარლამენტის შენობასთან ათევენ.
ამ თემაზე:
საახალწლო ღონისძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არაა – ლომჯარია