weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გიგაურმა და პავლიაშვილმა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებაზე უარი თქვეს – პროკურატურა

21:53 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

მთავარი პროკურატურის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორებმა, ეკა გიგაურმა და ირმა პავლიაშვილმა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადეს.

გიგაური და პავლიაშვილი პროკურატურაში მოწმის სახით, ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს.

პროკურატურის განცხადებით, სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად, მოწმეებს დაესვათ შეკითხვები მათ მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მათ შორის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს იმ თანამშრომელზე, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირების ხელმძღვანელობით, სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების თაობაზე აცნობა.

„ამ ინფორმაციას სრულყოფილი გამოძიებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 75-ე, 76-ე მუხლების თანახმად მოწმის ჩვენება მტკიცებულება ვერ იქნება, თუ იგი ვერ მიუთითებს წარმოდგენილი ინფორმაციის წყაროს. ამასთან ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი (ეკა გიგაური) მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია“, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, ეკა გიგაურმა გამოძიების ინტერესების საზიანოდ, უარი განაცხადა ინფორმაციის წყაროს დასახელებაზე, რის მიზეზადაც წყაროს უსაფრთხოება დაასახელა.

„ეკა გიგაურს განემარტა, რომ საგამოძიებო ორგანო მზადაა ამ პირის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალური ღონისძიებები გამოიყენოს. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, მან კვლავ უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე. მან ასევე უარი განაცხადა გამოძიებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მის მიერ ნახსენები თათბირის გამართვის ადგილმდებარეობის და მასში მონაწილე პირების, ასევე ვიდეოკამერების განთავსების ადგილის თაობაზე. გამოკითხვისას ეკა გიგაური შემოიფარგლა მხოლოდ იმ ზოგადი ხასიათის ინფორმაციის მოწოდებით, რაც უკვე გასაჯაროვდა მედიასაშუალებების მიერ. ანალოგიურად უარი განაცხადა ინფორმაციის მიწოდებაზე ირმა პავლიაშვილმა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს იმ პირთა ჩამონათვალს, ვისაც საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ ეკისრება, ასეთები არიან: ადვოკატი, სასულიერო პირი, სახალხო დამცველი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, ჟურნალისტი და სხვა. მითითებული ჩამონათვალი ამომწურავია და მასში არ არის დასახელებული არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავალდებულებს მოწმეს საგამოძიებო ორგანოს სრულად მიაწოდოს მის ხელთ არსებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია მიუხედავად საკანონმდებლო ვალდებულებისა, ეკა გიგაურმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე, რაც საგამოძიებო ორგანოს მიერ აღქმული იქნა, როგორც მოწმის უარი, ნებაყოფლობით მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ეკა გიგაურმა გამოკითხვის შემდეგ აღნიშნა, რომ მათ წყაროს დასახელება არ ევალებათ: „დავასახელეთ კონკრეტული ადამიანები, დავასახელეთ ადგილი, სადაც ჩატარდა ეს თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს და ა.შ.“. 

საგამოძიებო უწყება სავარაუდოდ მოითხოვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მოსამართლის წინაშე დაიკითხონ.

20 ნოემბერს, სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გაავრცელეს განცხადება არჩევნების სავარაუდო გაყალბებაზე და სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდეს.

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა მათ მიაწოდა ინფორმაცია, სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ. თანამშრომლის თქმით, ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება და ამ პროცესს სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას ჭორი და ცილისწამება უწოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]