weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„იბერიას“ ყოფილი თანამშრომლები სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ

15:55 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018

„იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ვახო ხუზმიაშვილი ტელეკომპანიის მფლობელებს არხის თანამშრომლების მიმართ უმადურობასა და მათი შრომითი უფლებების დარღვევაში სდებს ბრალს. ხუზმიაშვილის თქმით, თვენახევარია უსამსახუროდ დარჩენილი ჟურნალისტები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

„ეს ადამიანები ქუჩაში არიან დარჩენილები. ყველას აქვს კრედიტი, ვალდებულებები. რატომღაც ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლებმა არ ჩათვალეს თავი ვალდებულად, საკმარისი ფინანსები თუ არ ჰქონდათ, მადლობა მაინც ეთქვათ იმის გამო, რასაც ტელეკომპანია „იბერიაში“ მომუშავე ჟურნალისტები აკეთებდნენ.

როდესაც „იბერია“ გაჩერდა, იმ დღეს თანამშრომლებს არავინ შეხვდა. მეორე დღეს, შეხვედრაზე ტელეკომპანიის დამფუძნებელმა ნატო ჩხეიძემ თანამშრომლებს უთხრა, რომ ფინანსურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის მიემართათ.

მაშინაც ჩავთვალე და დღესაც მგონია, რომ ესაა ჩვენი დაცინვა. ჟურნალისტებმა ფული ხელისუფლებას არ უნდა მოსთხოვონ. ჟურნალისტებს გადასახადები უნდა გადაუხადონ იმ ადამიანებმა, ვინც ისინი დაიქირავეს. მგონია, რომ აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ „იბერიას“ დამფუძნებლები. ჩვენ ვიომეთ, ვიბრძოლეთ, ბოლოს ქუჩაში აღმოვჩნდით და მადლობაც არავინ გვითხრა“, – განაცხადა ხუზმიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ნატო ჩხეიძემ, რომელიც ამავე დროს პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეა, კანონს არ უნდა არღვევდეს და უნდა იცოდეს, რომ თანამშრომლებს დავალიანება უნდა გაუსტუმროს.

ხუზმიაშვილის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ყოფილი თანამშრომლების ნაწილმა სასამართლოში იჩივლა და მათ ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

„იბერიამ“ მაუწყებლობა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 16 ოქტომბერს შეწყვიტა. ტელეკომპანიაში განაცხადეს, რომ იძულებულნი გახდნენ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ, რადგან ხელისუფლებამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა „ომეგა ჯგუფს“, რომლის შემადგენლობაშიც ტელეკომპანია შედის.

მას შემდეგ, რაც ოქტომბრის ბოლოს „ომეგა ჯგუფის“ შემადგენლობაში შემავალმა თამბაქოს კომპანია „ოჯთ“-მ სახელმწიფო ბიუჯეტში დაგროვილი ვალის დაფარვა დაიწყო და მუშაობას განაახლა, „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა განაცხადა, დღის წესრიგში ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის განახლების საკითხიც დადგა, თუმცა, როდის მოხდება ეს, უცნობია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]