შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტში მყოფ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს სავარაუდოდ, პოლიტიკური შეხედულებების გამო თავს დაესხნენ.
„თავდამსხმელებისგან ერთ-ერთმა თაკო ჩარკვიანის მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო სამი პირი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადეს თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება“, – აცხადებენ შსს-ში.
საპატრულო პოლიციამ მომხდარზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო. გარდა ამისა, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს.