ნონოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, ამჯერად ცეცხლი სოფელ ასფარაში მკრტჩიანის კუთვნილ სახლს და დამხმარე ნაგებობებს წაუკიდეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მანამდე, 4 დეკემბერს, მოკლული მამაკაცის ნათესავებმა და ახლობლებმა მკვლელობაში ბრალდებულს ორ სახლი და ოთხი ავტომობილი სოფელ ფოკაში დაუწვეს. მათ გალუსტ მკრტჩიანის ძმის ფერმის გადაწვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა შეაჩერეს. პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
სოფელ ფოკაში 1985 წელს დაბადებული ხ.ტ. 3 დეკემბერს მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული გალუსტ მკრტჩიანი დააკავეს. საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, შურისძიების მოტივით, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შსს-ს ცნობით, მკრტჩიანმა დანაშაული აღიარა.
სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.