„ვუსამძიმრებთ ია კერზაიას ოჯახს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ ტრაგედიის პოლიტიზირება კატეგორიულად მიუღებელია.
2012 წლიდან ხელისუფლებამ უზრუნველყო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ განათლების სისტემა არის დეპოლიტიზირებული.
შესაბამისად, რომელიმე სასწავლო დაწესებულების პოლიტიკური დღის წესრიგის საგნად ქცევა, ეს არ იქნება დაშვებული“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მიზანმიმართული არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, რაც მთლიანად განათლების სისტემას აზიანებს. ნათია ზედგენიძემ აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო მზად არის, მიაწოდოს ყველა სახის დოკუმენტაცია და ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რადგან „არცერთი კითხვა არ უნდა იყოს პასუხგაუცემელი“.
როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ თქვა, სამინისტროს შესაბამისი სამსახური რეგულარულად აწარმოებს და მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებების შესწავლას, რაც სკოლების შეფასებას, ხარვეზების, გადაცდომების, სხვადასხვა ტიპის დარღვევების აღმოფხვრასა და შესაბამის რეაგირებას ისახავს მიზნად.
„სწორედ ასეთი სამუშაო ჩატარდა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში. სკოლის სამეურვეო საბჭომ მიიღო და ის დაეთანხმა სამინისტროს მიერ მომზადებულ ანგარიშს დარღვევებისა და გადაცდომების შესახებ, თუმცა დირექტორს თანამდებობა შეუნარჩუნდა.
ასევე, არც განათლების სამინისტროს მხრიდან არ მომხდარა დირექტორის გათავისუფლება... გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მატარებელი მედია, ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ცდილობს, სხვადასხვა მეთოდით შეიჭრას საჯარო სკოლებში და ამით საგაკვეთილო პროცესი დააზიანოს“ , – განაცხადა ნათია ზედგინიძემ.
ია კერზაია, რომლის ოჯახიც ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მასზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ინსულტის შემდეგ ის ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის რეანიმაციაში იყო მოთავსებული. კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადებით, მისი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ მე-6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.