ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და 10 000 ლარის პრემია მიიღო. ის ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. არის პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ავტორი, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“, რომელიც მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.
აღნიშნული ჯილდოს გაცემის მიზანია განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მასწავლებელთა საქმიანობა აღიარებას იმსახურებს. 2018 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მფლობელი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გახდა.