„არ მოძრაობს არავინ. ცოტა ხანი შეფერხებაა. არავინ არ გადაადგილდება. არ მიდის არცერთი მანქანა“, – ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პოლიციამ გომბორის გზაზე სამთავრობო ავტომობილები გაატარა, მათ კი ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რათა თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებაში ხელი შუეშალონ.
„ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში და არ ჩავატარებინებთ მაგ ქალს ინაუგურაციას, იმიტომ რომ არც მთავარსარდალია და არც პრეზიდენტი. როდამდე უნდა ემალოს ხალხს. ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში. მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დილის 9 საათზე გაემგზავრნენ. ისინი თელავში შეკრებას 13:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავენ, იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილას აქციის ჩატარებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ უარი უთხრა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 15:00 საათზე, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე დაიწყება.