weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თელავის მერიამ ოპოზიციას ერეკლე II-ის ძეგლთან აქციის ჩატარების ნებართვა არ მისცა

12:54 პარასკევი, 14 დეკემბერი 2018

თელავის მუნიციპალიტეტის მერია გაერთიანებულ ოპოზიციას 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს.

თელავის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, ერეკლე მეორის ძეგლსა და ჭადარს შორის არსებული ადგილი, სადაც „ძალა ერთობაშია“ და მისი მხარდამჭერები შეკრებას გეგმავენ, ინაუგურაციის ცერემონიის ტერიტორიაზე ხვდება და იქ აქციის გამართვა უსაფრთხოების სამსახურებს მუშაობაში ხელს შეუშლის.  

„იქიდან გამომდინარე, რომ ამ ღონისძიებას ესწრებიან უცხოელი სტუმრები, დელეგაციები, რომლებიც ამ ადგილზე უნდა გადაადგილდნენ, ეს ტერიტორია მოექცა შიდა ტერიტორიაში, სადაც დაცვის სპეციალური სამსახური ახორციელებს სპეციალურ ღონისძიებებს. კონსულტაციის გავლის შემდეგ, იმისთვის, რომ ამ სამსახურს ხელი არ შეშლოდა, ოპოზიციას შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია, სადაც მათ შეუძლიათ მათი სურვილის და ნების გამოხატვა. ეს არის კოსტავას ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია“, – განმარტავს თელავის მერი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ბოტკოველმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია აქციის ადგილის შეცვლას არ აპირებს.

„გუშინ მერის წერილი მივიღეთ – ყოვლად გაუგებარი და არაარგუმენტირებული. საუბრობს რაღაც თემებზე, რაც მისი საქმე არ არის. დაცვის თემებზე საუბრობს, რომ ეს ტერიტორია სჭირდებათ ინაუგურაციის ტერიტორიის დასაცავად და ა.შ.

მინდა ვუთხრა მერიას, რომ ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იქ – ერეკლე მეორის ძეგლსა და 800-წლოვან ჭადარს შორის არსებულ მოედანზე მშვიდობიან საპროტესტო მანიფესტაციას“, – თქვა ბოტკოველმა.

ოპოზიციის წარმომადგენელი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც 16 დეკემბერს ერეკლე მეორის ძეგლთან შეიკრიბებიან და პროტესტს გამოხატავენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თელავში, ინაუგურაციის პარალელურად მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვა 12 დეკემბერს დააანონსა. ვაშაძის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია, რომელშიც მონაწილეობას გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტია მიიღებს.

„16 დეკემბერს, თელავში ჩავატარებთ მშვიდობიან აქციას, რომელიც მთლიანად იქნება ჩვენი კონსტიტუციის, კანონის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის ფარგლებში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]