ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელების პროცესი არ იყო გამჭირვალე და საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის ის ობიექტური კრიტერიუმები, რომლითაც საბჭომ იხელმძღვანელა.
„ასევე უცნობია, თუ რატომ არ მოხდა არცერთი პირის წარდგენა სასამართლოს სისტემის გარედან, ასევე რატომ არ შეიძლებოდა სხვა მოქმედ მოსამართლეთა წარდგენა პარლამენტისთვის.
კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის საბჭოს ორი მოქმედი წევრი არის იმ სიაში, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შეაჩეროს წარდგენილი მოსამართლეების განხილვის პროცესი, პლენარულ სხდომაზე საკითხისთვის მხარის არდაჭერით“, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარია პარლამენტს ასევე მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების განხორციელებაზე და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატთა როგორც შერჩევის, ისე წარდგენის გამჭვირვალე პროცედურა.
„24 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აღნიშნული უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომელიც მიმდინარე წლის 16 დეკემბერს შევიდა ძალაში. კონსტიტუციური რეფორმის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის განსაზღვრა.
კონსტიტუციის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, შესაბამისი ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, დეტალურად არ არის მოწესრიგებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის გამჭვირვალე პროცედურები, ასევე შეფასების მკაფიო კრიტერიუმები. აღნიშნული, საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, რომელმაც შეიძლება გარკვეულ პირთა შორის უსამართლობის შეგრძნება გააჩინოს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის არის შექმნილი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესში მისი ჩართულობის მიზანი (ნაცვლად პოლიტიკური თანამდებობის პირებისა) პროცესის გაჯანსაღება უნდა იყოს. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი უნდა წარიმართოს გამჭირვალეობისა და ობიექტურობის მაღალი ხარისხით.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება, საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტით დადგენილ წესს, რომლის მიხედვითაც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი ქმნის სამუშაო ჯგუფს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისა და მოსამართლეობის კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით. ბუნებრივია, აღნიშნული მოსამართლეთა არჩევის პროცესის გაჯანსაღების ერთ-ერთი საშუალებაა, მაგრამ არა ერთადერთი.
აუცილებელია, გამჭვირვალობის სტანდარტი დაცული იქნას მოსამართლეთა წარდგენის ეტაპზევე და არ დარჩეს უპასუხო ლეგიტიმური კითხვები საზოგადოებას, მოსამართლეთა კორპუსს და ყველა იმ პირს, ვინც თავისი პროფესიული გამოცდილებით და კვალიფიკაციით აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების უმაღლეს საკასაციო ინსტანციას წარმოადგენს. ის განსაკუთრებულ როლს თამაშობს საქართველოს სასამართლო სისტემაში და ბუნებრივია მისი გავლენა ადამიანის უფლებების დაცვაზე უმნიშვნელოვანესია. პარალელურად აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამ უფლების რეალიზაცია თანასწორ საწყისებზე უნდა წარიმართოს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად დასახელებულნი არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, გიორგი მიქაუტაძე, მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე.