weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

უნდა დაიგმოს, რაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ხელისუფლებამ ჩაიდინა – მეუფე პეტრე

13:22 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს განცხადებით, უნდა მოხდეს დაგმობა იმის, რაც ხელისუფლებამ ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

„მე ვფიქრობ, სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე უნდა მოხდეს უსამართლობის მხილება და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა. ფაქტობრივად, მართლმსაჯულება არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით.

უნდა მოხდეს მხილება ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების უპასუხისმგებლობის, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები.

ვფიქრობ, უნდა ამხილონ ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი ციანიდის გამოყენებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობას აპირებდა. ის გეგმავდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფება სამკურნალოდ, შხამიანი ნივთიერება კი გამგზავრებამდე სჭირდებოდა. ამასთან, პროკურატურა თითქმის ერთი კვირის განმავლობაში არ აკონკრეტებდა, რომელი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებას გეგმავდა გიორგი მამალაძე.

დეკანოზის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ თავიდან „უდიდესი უბედურება“ იქნა აცილებული. მისივე თქმით, ბერლინში, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა, უსაფრთხოების ნორმები გააძლიერეს. მსგავსი განცხადებები, რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არღვევდა დაკავებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, გააკეთეს სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბერს მიღებული განაჩენით, დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენთან დაკავშირებით მაშინდელმა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]