სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებს ეძლევათ რეკომენდაცია სივრცე გაანიავონ ყოველი შესვენებისას ან ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ის ადამიანებისგან თავისუფალია. გარდა ამისა, სისტემატურად უნდა განხორციელდეს სველი წესით დალაგება, გამკაცრდეს ხელების ჰიგიენის წესების დაცვის მონიტორინგი და საინფორმაციო აქტივობები.
„იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებაში ყოფნისას განვითარდება გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომი, სკოლის/სააღმზრდელო დაწესებულების პერსონალის მიერ სასწრაფოდ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი დაავადებულის იზოლირება დანარჩენი კონტიგენტისგან და მისი გადაყვანა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
თუ სკოლაში ავადმყოფობის გამო გაცდენის ინტენსივობა გადააჭარბებს 20%-ს, სკოლა ვალდებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს წარუდგინოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.
ამასთან, სკოლებს/სააღმზრდელო დაწესებულებებს მოვუწოდებთ ინტენსიურად იმუშაონ მშობლებთან და მისცენ რეკომენდაციები, რომ გრიპის სიმპტომების პირველივე ნიშნების შემჩნევისას, დაავადებული ბავშვი არ გაუშვან სკოლაში/ბაღში, დროულად მიმართონ ექიმს - დიაგნოსტირებისა და ადეკვატური მკურნალობის მიღების მიზნით. ამით ხელს შეუწყობთ, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გრიპის გავრცელების რისკი“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის საფუძველზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ზამთრის არდადეგების 18 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.