ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაავადების შემთხვევათა 56% ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკის ადამიანებშია გავრცელებული. მისივე თქმით, გამორიცხული არ არის, დაავადება კიდევ უფრო გავრცელდეს, ამიტომ წითელას საწინააღმდეგოდ მთავრობის სპეციალური განკარგულება მომზადდა, სადაც წითელას საწინააღმდეგო ღონისძიებებია გათვალისწინებული.
„ვაპირებთ, პრევენციული ღონისძიებების გატარებას. წითელას გავრცელების 8%-9% დაახლოებით, 0-დან 1 წლამდე ბავშვებზე მოდის, რაც იმას მიანიშნებს, რომ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა დედებს არ ჰქონდათ გაკეთებული, არც წითელა ჰქონდათ გადატანილი და ამიტომ მოხდა მისი ბავშვებში განვითარება.
წითელას თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ვაქცინაცია. ყველა დედამ უნდა გადაამოწმოს აცრების ისტორია, თუ ბავშვს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა ჩატარებული არ აქვს, უნდა მიიყვანოს და აცრას.
აღნიშნულ აცრას აფინანსებს სახელმწიფო და ყველასთვის უფასოა. წითელას გავრცელების არეალები არის კახეთი, იმერეთი და სამეგრელო, აჭარაში დაავადებასთან საბრძოლველად სერიოზული ღონისძიებები გავატარეთ“, – ციტირებს „ინტერპრესნიუსი“ ამირან გამყრელიძის კომენტარს.
ამ თემაზე:
წითელათი ავადობის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მე-3 ადგილზეა