weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა – რას ნიშნავს ეს?

02:48 შაბათი, 19 იანვარი 2019

გერმანიის ბუნდესტაგმა 18 იანვარს მიიღო მმართველი პარტიების მიერ ინიცირებული კანონი, რომლის თანახმადაც, გერმანია საქართველოს, ასევე ალჟირს, მოროკოსა და ტუნისს, „უსაფრთხო ქვეყნების სიაში“ შეიყვანს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

გამოცემის თანახმად, გერმანიის მთავრობა მოელის, რომ უსაფრთხო ქვეყნებად აღიარების შემთხვევაში, ზემოთაღნიშნული სახელმწიფოებიდან თავშესაფრის მაძიებლთა რაოდენობა დაიკლებს და გამარტივდება იმ პირების დეპორტაციის პროცედურა, რომელთაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ.

„დოიჩე ველე“ მიმოიხილავს იმ შედეგებს, რომელთა წინაშეც შესაძლოა საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ, თუ კანონს გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატა – ბუნდესრატი არ დაბლოკავს.

ზემოთჩამოთვლილი ოთხი ქვეყნიდან ევროკავშირის სახელმწიფოებთან უვიზო მიმოსვლა მხოლოდ საქართველოს აქვს. „დოიჩე ველეს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიაში თავისუფლად შესვლის შესაძლებლობით აქტიურად სარგებლობენ არა მხოლოდ ქართველი ტურისტები, არამედ კრიმინალებიც.

„გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ბევრმა ქართველმა უვიზო რეჟიმი გამოიყენა იმისთვის, რომ ზედმეტი ფორმალობების გარეშე გერმანიაში ჩამოვიდეს, თავშესაფრის მიღებაზე განცხადება შეიტანოს და დანაშაულებები ჩაიდინოს იმ პერიოდში, როდესაც განცხადება განიხილება, რასაც თვეები, ზოგჯერ კი წლები სჭირდება“, – წერს „დოიჩე ველე“.

გამოცემის ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობაში იმ ქართველთა წილი, რომლებიც გერმანიაში დანაშაულის ჩადენაში არიან ეჭვმიტანილნი, 2017 წელს 2.1% იყო, რაც საშუალო მაჩვენებელზე სამჯერ მეტია. შემთხვევათა 75%-ში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ქურდობასთან დაკავშირებით იყო აღძრული.

„თავიდან ძირითადად ბინების გაქურდვის შემთხვევები ჭარბობდა. დიდი ხანი არ არის, რაც ქართული ბანდები მაღაზიებიდან ჩვილების საკვები რძის ფხვნილის მოპარვაში დახელოვნდნენ. ასეთ ფხვნილზე ჩინეთში დიდი მოთხვნაა და შავ ბაზარზეც შესაბამისი ფასი აქვს“, – წერს „დოიჩე ველე“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 2018 წლის გაზაფხულზე, საქართველო რეალურად დადგა სავიზო რეჟიმის გაუქმების საფრთხის წინაშე, როდესაც ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მოსთხოვა, ამ გადაწყვეტილების მიღების საჭიროებაში ევროკომისია დაერწმუნებინა.

„ასეთი საფრთხის გამო, თავად საქართველოს მთავრობამ სთხოვა გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა“, – წერს „დოიჩე ველე“.

უსაფრთხო სახელმწიფოს სტატუსი არ ნიშნავს იმას, რომ მის მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის თხოვნა არ შეუძლიათ, თუმცა დადებითი პასუხის მიღების შანსი მნიშვნელოვნად მცირდება.

ასეთ შემთხვევებში გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური ამოდის იქიდან, რომ თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე განცხადება „აშკარად დაუსაბუთებელია“. განმცხადებლებისთვის გაცილებით რთული იქნება საწინააღმდეგოს დამტკიცება.

გარდა ამისა, მიგრაციისა და ლტოლვითა სამსახურს უფლება აქვს უსაფრთხო ქვეყნების მოქალაქეთა განცხადებები დაჩქარებული და გამარტივებული პროცედურით განიხილოს. სასამართლოში უარყოფითი პასუხის გასაჩივრების შანსები ნაკლებია. ასეთი ლტოლვილის სამშობლოში დეპორტაციის გადაწყვეტილება შესაძლოა მანამდე აღსრულდეს, ვიდრე სასამართლო სარჩელზე დადგენილებას მიიღებს.

„ანუ, შემცირდება დრო, რომლის განმავლობაშიც, საკუთარი ბედის გადაწყვეტის მოლოდინში, ლტოლვილის სახეს ამოფარებულ კრიმინალს შეუძლია იქურდოს“, – აღნიშნულია სტატიაში.

ბუნდესრატში კანონს კენჭს 15 თებერვალს უყრიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]