მელორ ვაჩნაძე გერმანიაში 2018 წლის ნოემბერში, ოჯახთან ერთად, თავშესაფრის საძიებლად გაემგზავრა. მანამდე ვაჩნაძემ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, სადაც ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს, პოლიციის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ საქართველოდან წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ძველი თბილისის პოლიციის პირველ განყოფილებაში მისთვის იარაღის ჩადებას და დაკავებას აპირებდნენ.
„მე ერთი დევიზი მაქვს, როდესაც გერჩიან, პასუხი უნდა დაუბრუნო. მტრად გამომაცხადეთ? დღეს, პირადად მე მიდებდით იარაღს? გუშინ მე მიდებდით დანას? ადრე ჩამიდეთ იარაღი? 20-ჯერ დამიჭირეთ? 15 დასკვნა მაქვს ექსპერტიზის, რომლის მიხედვითაც დაზიანებით მიმიყვანეთ დაკავების შემდეგ. ბევრჯერ უთხოვით ჩემთვის, ჩაჯექიო. არცერთხელ არ გავაკეთე განცხადება. ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი არ დამეზიანებინა. მტერი ხარ? ხოდა, მოგექცევი როგორც მტერს. მთელი ევროპა გაიგებს რა დემოკრატები ხართ. რა მაგრად იცავთ ადამიანის უფლებებს“, - ამბობს ინტერვიუში ვაჩნაძე.
მელორ ვაჩნაძე, რომელიც მოძრაობის „შემოგვიერთდი“ წევრი იყო, სასჯელს 2009 წლიდან თაღლითობისთვის იხდიდა, თუმცა ბრალი არ უღიარებია და უფლებადამცველი ორგანიზაციებიც ვარაუდობდნენ, რომ ის პოლიტიკური აქტიურობის გამო იყო დაკავებული. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პარლამენტმა ვაჩნაძე პოლიტპატიმრების სიაში შეიყვანა და პატიმრობიდან ამ სტატუსით გათავისუფლდა.
ამ თემაზე:
მელორ ვაჩნაძე უარყოფს, რომ გერმანიაში ფეხსაცმლის ქურდობის გამო დააკავეს