ვაჩნაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც დაადასტურეს, თუმცა დაკავების ადგილსა და საფუძველს სამინისტროში არ ასახელებენ.
მელორ ვაჩნაძე სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს, რომ სტატია, სადაც მისი დაკავების მიზეზად ფეხსაცმლის ქურდობა იყო დასახელებული, შსს-სა და სუს-ის მიერ არის შეკვეთილი. გარდა ამისა, ის არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავება „ქართულ-გერმანული მოლაპარაკების ნაწილი“ ყოფილიყო.
„ჩემი დაკავების ინფორმაცია ვერანაირად ვერ გავრცელდებოდა, ვინაიდან მე არ მივეცი უფლება გერმანულ მხარეს საქართველოს წარმომადგენლობას რაიმე ინფორმააცია მიაწოდოს ჩემზე და ამის საბუთი მაქვს. საიდან იცის ქართულმა მხარემ? და თუ იცის, ესე იგი გერმანიამ კანონი დაარღვია“, - ამბობს მელორ ვაჩნაძე.
მისივე თქმით, დაკავებიდან ოთხი დღის განმავლობაში ის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სასამართლომ დააჯარიმა და 15 იანვარს „დაკავების მიზეზის ახსნა-განმარტების გარეშე“ გაათავისუფლეს.
მელორ ვაჩნაძე გერმანიაში 2018 წლის ნოემბერში, ოჯახთან ერთად გაემგზავრა. მანამდე ვაჩნაძემ ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, სადაც ის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკრიტიკებს, პოლიციის მხრიდან მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს.