weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

22:10 ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

თბილისში გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის დედას, რომელიც შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით არის დაკავებული, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს განცხადებით, საქმის მასალების თანახმად, 2019 წლის 6 იანვარს ბრალდებულ ლ.ქ.-ს მიმართ 30 დღის ვადით გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას აეკრძალა არასრულწლოვან შვილთან ან მის საცხოვრებელ ადგილთან მიახლოება და კომუნიკაცია. 8-დან 22 იანვრამდე ლ. ქ. იმყოფებოდა თბილისში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც ცხოვრობდა მსხვერპლი.

„სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულმა არ გაითვალისწინა სამართალდამცველი ორგანოს – პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები. გამოძიების მიმდინარეობა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის ინტერესის გათვალისწინებით გამოკითხულ და გამოსაკითხ პირებზე ზემოქმედება-დარიგების, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხის აღკვეთის მიზნით სასამართლომ ბრალდებულის მიმართ პატიმრობა გამოიყენა“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

სასამართლო სხდომა დახურული იყო. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო ტაბატაძემ თქვა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„ორდერში წერია, რომ ბავშვი, თვითონ მსხვერპლი უნდა განერიდებინათ. თუ დედა ამის შემდეგ კიდევ მიუახლოვდებოდა მის საცხოვრებელ ადგილს, ამ შემთხვევაში დაარღვევდა ორდერის მოთხოვნებს“, – აცხადებს ადვოკატი.

მისივე თქმით, საკუთარი მოვალეობები არა დედამ, არამედ სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამართალდაცავებმა არ შეასრულეს.

4 წლის გოგონა 22 იანვარს გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის უცნობია ექსპერტიზის პასუხი, თუ რამ გამოიწვია ბავშვის გარდაცვალება.

ბავშვის გარდაცვალების შემდეგ პოლიციამ მისი დედა შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავა. მას არასრულწლოვანთან კონტაქტი კანონით ეკრძალებოდა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, 4 წლის ბავშვი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ იმყოფებოდა. სოციალური მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობის ნიშნები არ იკვეთებოდა. მეურვეობა–მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსის, მარი წერეთლის განცხადებით, მიმდინარეობს შიდა მოკვლევა, რომელმაც უნდა დაადგინოს, იცოდნენ თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა, რომ დედის მიმართ 6 იანვარს შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]