გარემოვაჭრეებმა, რომლებსაც წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის უფლებას აღარ აძლევენ, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას და წერეთლის ქუჩაზე მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვდნენ. მოგვიანებით გარემოვაჭრეებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
„ვერაფერზე შევთანხმდით. გვთავაზობენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაყვანას. იქ ბაზრობა რომ შეიქმნას, წლებია საჭირო, ჩვენ კი ყოველდღიური პრობლემები გვაქვს. ვითხოვთ, დაგვეხმარონ და ორი-სამი თვე მაინც მოგვცენ, რომ საქონელი ამოვწუროთ“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წერეთლის ქუჩიდან, სადაც 170-მდე ადამიანი მუშაობდა, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა და რკინის კონსტრუქციები გვიან ღამით აიღეს, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, დემონტაჟის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ, მერიაში კი აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს ქუჩა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული და ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზეს.