მდინარაძის თქმით, ეს საკითხი განიხილეს საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე, რომელიც 2 თებერვალს შედგა.
„შეიქმნა პირობითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შეხვდება. უახლოეს დღეებში, ვფიქრობ, ერთ-ერთი ძალიან პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ამასთან დაკავშირებით მიღებული. ერთ-ერთ ვერსიას გაგიმხელთ, რომელსაც პირადად მე აბსოლუტურად ვეთანხმები. შემიძლია თანაავტორადაც კი დავასახელო თავი ჩემს კოლეგებთან, არჩილ თალაკვაძესთან და სხვებთან ერთად. შესაძლებელია, რომ ქართული კულტურის ეროვნულ მუზეუმზეც იყოს საუბარი, მაგრამ საზოგადოება რომ შეცდომაში არ შევიყვანო, დავაკონკრეტებ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერსია იმ ვერსიებს შორის, რომლებზეც მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეში განთავსდა. არჩევნებამდე ზურაბიშვილი აცხადებდა, რომ პრეზიდენტის ფუნქციებს და მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, ორბელიანების სასახლე უფრო შეესაბამებოდა.