weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქცია პარლამენტთან ახალქალაქში მიხაილ ავაქიანის ძეგლის აღების მოთხოვნით

12:03 შაბათი, 09 თებერვალი 2019
ფოტო: 24News.ge ფოტო: 24News.ge

თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლის აღების მოთხოვნით.

აქციაში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეები მონაწილეობდნენ, ტრანსპარანტებზე კი ეწერა: „მიხაილ ავაქიანის ბიუსტი დივერსიაა, ძეგლებს მხოლოდ გმირები იმსახურებენ“, „დღეს ყარაბაღი, ხვალ ჯავახეთი! არა სეპარატიზმსა და სეპარატისტებს“, „ავაქიანის ბიუსტი უნდა მოიხსნას“, „საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა ურყევია“ და ა.შ.

აქციაზე „ევროპული საქართველოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აჰმედ იმამკულიევი და პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი აზერ სულეიმანოვიც იმყოფებოდნენ. იმამკულიევის განცხადებით, მოქალაქეები აპროტესტებენ არა ეთნიკურად სომეხი ადამიანისთვის ძეგლის დადგმას, არამედ სეპარატიზმს.

„აქ საქართველოს სახელით ვართ გამოსულები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სეპარატისტების ძეგლი არ დაიდგას.

არსად არ უნდა დავდგათ იმ ადამიანების ძეგლები, რომლებიც სეპარატისტულ ორგანიზაციებში, ყარაბაღში და აფხაზეთში იბრძოდნენ; რომლებიც სეპარატისტული იდეების მომხრეები არიან.

ახალქალაქში დადგმული ძეგლი არის სეპარატისტის ძეგლი, რომელიც იბრძოდა იმ მიწაზე, რომელიც არ არის მათი და რომელიც დღესაც კი არ არის აღიარებული საქართველოს მხრიდან. მე, ახმედ იმამკულიევი, ჩვენი მოსახლეობის სახელით ვთხოვ ხელისუფლებას, რომ ის ძეგლი აუცილებლად აიღონ. თუ უნდათ რაიმე ძეგლის დადგმა, დადგან იქ მცხოვრები ხალხის პოეტის ან იმის ძეგლი, ვინც იბრძოდა საქართველოსთვის“, – განაცხადა იმამკულიევმა აქციაზე.

1994 წელს საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მიხაილ ავაქიანის ბიუსტი სოფელ ბუღაშენში წლების განმავლობაში იდგა. ის ადგილობრივმა ბიზნესმენმა გაგიკ ავაქიანმა აღადგინა და მიხაილ ავაქიანის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად 2019 წლის 20 იანვარს გახსნა. ძეგლმა ყურადღება მიიპყრო, რადგან მისი გახსნის ღონისძიებას ახალქალქის მერი იურიკ უნანიანი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, ასევე საქართველოში სომხეთის ელჩი რუბენ სადოიანი ესწრებოდნენ. ამასთან, ძეგლის გახსნის თარიღი დაემთხვა გლოვის დღეს აზერბაიჯანში. 1990 წლის 20 იანვარს ბაქოში, საბჭოთა არმიამ მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მომიტინგეები დაარბია. ე.წ. შავ იანვარს 130 ადამიანი დაიღუპა.

მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. ფაქტს აზერბაიჯანული მედია და პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და „ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]