ადგილობრივი გამოცემა „ქუთაისი პოსტის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება მოსამართლე დარინა აბულაძემ 25 თებერვალს გამოაცხადა. ქუთაისის მერიას მისი გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.
ქუთაისის მერიამ ახლად რეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე დაკრული გამაფრთხილებელი შინაარსის სტიკერების გამო, გია გოქაძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 20 იანვარს შეუდგინა. მერიაში მიაჩნიათ, რომ „ევროპა ჩვენი სახლიას“ წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლი (თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯება) დაარღვიეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თეთრ ხიდზე ორენოვანი სტიკერები წარწერით „სახიფათოა“ მას შემდეგ დააკრეს, რაც ხიდზე ერთ-ერთი მინა გაიბზარა და მათი აზრით, მასზე გადაადგილება სახიფათო იყო.