„ლიბერთი ბანკის“ ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა 2 მარტს, დილით მოხდა. ორმა თავდამსხმელმა საინკასაციოდ გამზადებული ფული და ინკასატორების კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღები გაიტაცეს.
ყაჩაღობაში ბრალდებულები – გ.ჯ.-მ და ო.ხ. – პოლიციამ 6 მარტს დააკავა. გატაცებული ფული, კალაშნიკოვის სისტემის ორი ცეცხლსასროლი იარაღი და ინკასატორებისგან გატაცებული პისტოლეტები ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოფელ ონარიაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ელექტროსადგურის დარაჯები გაიტაცეს, რის შემდეგაც იარაღის მუქარით მათი ავტომობილი გაიტაცეს.
„ბრალდებულებმა აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს. პოლიციამ ავტომობილი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ერთ-ერთ სოფელში მიტოვებული იპოვა“, – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და დაუფლების, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 143-ე, 236-ე, 237-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.