weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუშინდელი პრეცედენტი საცდელი ნაბიჯი იყო, პატრულირება აუცილებელია – ქაცარავა

14:42 შაბათი, 16 მარტი 2019
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას განცხადებით, ძალოვანი უწყების წარმომადგენლების თხოვნით, სოფელ ხურვალეთში არ შევიდა. მისი თქმით, სოფელში ანტისაოკუპაციო მოძრაობის სხვა წევრები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ის ადგილები დაათვალიერეს, სადაც გუშინ რუსი ოკუპანტები იდგნენ.

„თხოვნა იყო, რომ არ შევსულიყავი, რასაც დავემორჩილე. ვფიქრობ, ეს თხოვნა რუსების არგაღიზიანების კუთხით იყო დაფიქსირებული. როდესაც ჩვენი ჯგუფი მივიდა იმ ბაღებთან, სადაც გუშინ რუსები იმყოფებოდნენ, პირველი, რაც თვალშისაცემი იყო, არის ის, რომ ფაქტობრივად ორივე ბაღის 80% იყო გაწმენდილი და გასუფთავებული, რაც არ იყო ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გასუფთავებული ტერიტორია. იქვე, სათვალთვალო კოშკურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების „პიკაპები“ იყვნენ და ხურვალეთის მიმართულებით მოძრაობდა საინჟინრო მანქანა“, – განაცხადა დავით ქაცარავამ ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

ქაცარავას თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გადმოსვლა მხოლოდ საცდელი ნაბიჯი იყო და თუ ადგილობრივების ბაღებში 24-საათიანი პატრულირება არ დაწესდება, შესაძლოა ოკუპანტებმა ტერიტორიაც შემოღობონ.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი პოლიციის 24-საათიანი პატრულირება აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს, ვინაიდან გუშინდელი პრეცედენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ საცდელი ნაბიჯი. თუ უახლოეს მომავალში არ დაფიქსირდება ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების აქტიური პატრულირება კონკრეტულ ბაღებში, მცდელობა აუცილებლად განმეორდება - უკვე შეღობვით“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

ჟურნალისტმა დავით ქაცარავას კომენტარის სთხოვა ადგილობრივების განცხადებებზე, რომ გუშინ რუსი სამხედროები სოფელში არ უნახავთ.

„გუშინ, ერთ-ერთი ბაღის მეპატრონე ქალბატონი თავის სპონტანურ ინტერვიუში პირდაპირ ახსენებდა, რომ რუსებმა წაიღეს მისი ბაღი. დღეს ის ამბობდა, რომ იქ რუსი არ გამოჩენილა.

ის ადამიანები, რომლებიც გუშინ საუბრობდნენ, რომ თურმე იქ იყვნენ რუსები და დღეს ამბობენ, რომ არა, არავითარი რუსი არ ყოფილა, ერთმნიშვნელოვნად, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არიან და უწევთ იმის თქმა, რაც დაავალეს.

თუ ეს იყო დეზინფორმაცია, პოლიციის თანამშრომლებს შეეძლოთ მივეყვანეთ იმ ბაღებში, ეჩვენებინათ რომ ეს იყო დეზინფორმაცია და ბუნებრივია მოვიხდიდით ბოდიშს, ვიტყოდით, რომ ქალბატონ ლუდა სალიას რაღაც შეეშალა, ჩვენ კი გადაუმოწმებლად ავყევით ამ ინფორმაციას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა - შემდგომი 3-4 საათის განმავლობაში არავის, ჟურნალისტების ჩათვლით, ხურვალეთში შესვლის საშუალება არ ჰქონდა“, – განაცხადა დავით ქაცარავამ.

15 მარტს, სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ.

„მოგვხედეთ, გვიშველეთ! ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან. მოსახლეების ეზოებში“, – წერდა ლუდა სალია, რასაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და ხურვალეთთან აქტივისტების მობილიზება მოჰყვა.

მოგვიანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნა არ დასტურდებოდა. განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც [EUMM]. მათი თქმით, ხურვალეთში „ბორდერიზაციის“ ახალი ნიშნები არ შეუმჩნევიათ და არც რაიმე ინციდენტი აღურიცხავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]