weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბაჩანა შენგელია გენერალური პროკურორისგან დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

13:00 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ გენერალური პროკურორის სახელზე საჩივარი შეიტანა. შენგელია შალვა თადუმაძისგან ითხოვს, დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიენიჭოს.

„შევიტანე საჩივარი გენერალური პროკურორის სახელზე, ვინაიდან საქმის პროკურორმა უარი მითხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობაზე. ეს იყო სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონო უარი. მოვითხოვ, ამ უარის გაუქმებას და შალვა თადუმაძის მხრიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას, რაც მომცემს საშუალებას, გავეცნო საქმის მასალებს, ვისარგებლო მხარის უფლებამოსილებებით“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, პროკურატურის მხრიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე უარი, მის მიერ განხილული იქნება როგორც გამოძიების გაჭიანურების მცდელობა.

თავის მხრივ, პროკურატურა განმარტავს, რომ ვიდრე ია კერზაიას სიკვდილის მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი დაზარალებულად ცნოს.

პროკურატურა მიმდინარე გამოძიებაზეც ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ამ ეტაპზე გამოიკითხა ოცდაათამდე მოწმე, გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის სკოლაში ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

„ჩატარებულია ბაჩანა შენგელიას მიერ წარმოდგენილი, ჟურნალისტების მიერ სხვადასხვა პირთა გამოკითხვის ამსახველი დაუმონტაჟებელი ვიდეომასალის დათვალიერება. ასევე განხორციელდა სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გარდა ამისა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია. ასევე, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზის და სხვა გარემოებების დადგენის მიზნით“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი შვილი ბაჩანა შენგელია აცხადებდა, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც არჩევნების პირველი ტურის შემდეგ განათლების სამინისტრომ N6 სკოლაში ინსპექტირების ჩატარება გადაწყვიტა. ბაჩანა შენგელიას თქმით, ინსპექტირების საფუძველი გახდა ის, რომ ია კერზაიამ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერთა სიების მიწოდებაზე უარი უთხრა. შენგელია ამბობდა, რომ სკოლაში ინსპექტირების სამსახური დირექტორის „დასასჯელად“ შევიდა.

ია კერზაიას საქმეზე გამოძიება 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

ამ თემაზე:

ია კერზაიას სკოლის ინსპექტირებაში პოლიტიკური დისკრიმინაცია იკვეთება – ISFED

2018 წელს ინსპექტირება 7 სკოლაში ჩატარდა, აქედან 6-ში არჩევნების I ტურის შემდეგ – საია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]