ნინო ჯავახაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპედები საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილეები არიან, დღეს მათზე სამართლებრივი რეგულაციიები არ ვრცელდება.
„ფაქტობრივად, რაღაც ძრავის გარკვეულ მოცულობამდე მოპედი საერთოდ არც ითვლება მექანიკურ ავტოსანტრანსპორტო საშუალებად, თუმცა, სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც გადახვევები გავაკეთოთ. ქალაქში უკვე ყოველგვარი კონტროლის გარეშე დადიან ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის ძრავი აქვთ და საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ რეგისტრაცია ამ სატრანსპორტო საშუალებების იმიტომ, რომ ისინი არიან საგზაო მოძრაობის მონაწილეები. ასევე,
ვინაიდან მოპედებზე არანაირი რეგულაცია არსებობს, შეიძლება მოპედის საჭესთან ვიხილოთ არასრულწლოვანი, არ არსებობს მართვის მოწმობა მოპედებისთვის.
შესაბამისად, სავალ ნაწილში თავისუფლად გადაადგილდებიან ისეთი პირები, რომელთაც არც მართვის მოწმობა გააჩნიათ, არც სრულწლოვნები არიან. ეს არის ის ნაწილი, რომლის მოწესრიგებაც ჩვენ გვინდა“, – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტკა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ბოლო 10 წელში ავტოსატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 6 608 ადამიანი გარდაიცვალა და 85 946 ადამიანმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
შსს 2019 წელს, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების ინიცირებას გეგმავს. ერთ-ერთი ცვლილება იქნება ის, რომ მართვის მოწმობას ქულები ვიდეოჯარიმის შემთხვევაშიც ჩამოაკლდება.