weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სოლიდარობა პანკისს, არა რეპრესიებს – თბილისში აქცია დღესაც გაიმართება

12:09 ორშაბათი, 22 აპრილი 2019
ფოტო © ლიბერალი ფოტო © ლიბერალი

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, პანკისის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად აქცია „სოლიდარობა პანკისელებს! არა რეპრესიებს! არა ჰესებს პანკისში!“ დღესაც გაიმართება. აქციაზე, რომელიც 19:00 საათზე დაიწყება, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომასაც მოითხოვენ.

„არ იქნას დაკავებული არცერთი პანკისელი, ვინც 21 აპრილს ჰესების და ძალადობის წინააღმდეგ გამოხატა პროტესტი; საბოლოოდ ითქვას უარი პანკისში ჰესების მშენებლობაზე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება; დაისაჯონ დანაშაულებრივი სპეცოპერაციის განხორციელების ბრძანების გამცემი პირები“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებში.

სამოქალაქო აქტივისტების და მოქალაქეების ჯგუფმა პანკისის ხეობის მცხოვრებლების მხარდამჭერი აქციები გუშინ, თბილისსა და ბათუმში გამართეს.

21 აპრილს, სოფელ ბირკიანთან, „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის განახლების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საპოლიციო ძალის მობილიზება განახორციელა. სამართალდამცველებსა და ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს შორის პირველი შეტაკება დილით მოხდა, რა დროსაც გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ ადგილობრივებს მოლაპარაკების მიზნით თელავში წასვლა შესთავზა. ამის შემდეგ ხეობაში მდგომარეობა დასტაბილურდა. მოგვიანებით, როდესაც მოლაპარაკების პალარელურად, შსს-მ ხეობაში დამატებითი საპოლიციო ძალები შეიყვანა, ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დახმარება გაეწია 55 ადამიანს, მათ შორის 38 პოლიციელს და 17 მოქალაქეს.

თელავიდან პანკისის ხეობაში ჩავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც უხუცესებთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%. მისივე თქმით, ყველა, ვინც დღეს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

სამინისტრომ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

პანკისის მცხოვრებლები სოფელ ბირკიანთან, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებენ. ჰესის აშენება კომპანია „ალაზანი ენერჯის“ სურს და სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს. მოსახლეობამ სამშენებლო სამუშაოები პირველად გასული წლის ივნისში შეაჩერა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]