„მინისტრმა თქვა, „ხადორი 3“-ზე მოსახლეობის 90%-ის თანხმობა უნდა მოიპოვოო. ძალიან რთულია. ჩვენ დავიხარჯებით ამაშიც და ვიმუშავებთ მოსახლეობასთან. თუ გამოვა, გამოვა. ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.
მისივე თქმით, „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 13-14 თვეა გაჩერებულია, რითიც კომპანიას ძალიან დიდი ზარალი ადგება.
„მაგრამ ჩვენი ამოცანა ის არ არის, რომ ზარალი ავინაზღაუროთ. ტექნიკა, რომელიც დაიწვა სცილდება მილიონი ლარის ღირებულებას. ყველაზე დიდი ზარალი მოგვადგა ჩვენ ამ შემთხვევაში, თავი რომ გავანებოთ ჰიდროელექტროსადგურის არაშენებას და ჩამოტანილ, უკვე 100%-ით დაკონტრაქტებულ ტექნიკას. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხმა უნდა გაიგოს, ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ჩვენს ქვეყანას სჭირდება ჰიდროენერგეტიკა, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი პირობა. თუ ამას მივაღწევთ, არამარტო ექსკავატორს, არამედ სხვა რამესაც დავთმობთ“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რიგით მესამე ჰესის – „ხადორი 3“-ის სამშენებლო სამუშაოების განახლებას მოჰყვა. პანკისში გამართული შეხვედრის შემდეგ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ხადორი 3“ მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამის მომხრე იქნება მოსახლეობის 90%.
პანკისის მცხოვრებლები სოფელ ბირკიანთან, 5.4 მგვტ სიმძლავრის „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობას წელიწადზე მეტია აპროტესტებენ. მათ სამშენებლო სამუშაოები პირველად გასული წლის ივნისში შეაჩერეს. ინვესტორი კომპანია სამუშაოების დასრულებას 2019 წლის ბოლომდე გეგმავდა.