weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უდაბნოს მონასტერში სასულიერო პირებსაც აღარ უშვებენ - არქიმანდრიტი

14:18 ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019

მეოთხე დღეა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტილი აქვთ - ამის შესახებ „რეგინფოს“ დავით-გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განუცხადა. მისივე თქმით, მონასტერში არც ტურისტებს უშვებენ და არც სასულიერო პირებს. არქიმანდრიტი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი ბილიკის ჩაკეტვას, 20 აპრილს, დავით-გარეჯში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს უკავშირებს.

„შაბათს აქ იყო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. კვირას უკვე დაკეტეს მონასტერი, რომელიც მოქცეულია სავარაუდოდ სასაზღვრო ზონაში. სად გაივლის საზღვარი ჯერ სახელმწიფოები ჩამოყალიბებულები არ ვართ. იმის გამო, რომ ჩამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, მივიდა და მოინახულა უდაბნოს მონასტერი, გაწყრა აზერბაიჯანული მხარე - როგორ, ეს ყველაფერი ჩვენ არ ვიცოდითო და სასწრაფოდ მონასტერი ჩაკეტეს.

არ ვიცი ეს მესაზღვრები რას აკეთებენ, ბილიკებზე რაღაც რკინებს არჭობენ. ჩვენი სასაზღვრო სექტორის უფროსი შეხვდა აზერბაიჯანის სასაზღვრო სექტორის უფროსს, რომელმაც თქვა, რომ ზემოდან აქვთ ბრძანება მიღებული.

ის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ არ იცოდა სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის  შესახებ, არის სიცრუე, რადგან სალომე ზურაბიშვილი აქ იმყოფებოდა „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტთან, მეცნიერებთან და ასევე აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

მნიშვნელობა არ აქვს ვინ ავა, არავის უშვებენ. მე ვერ მიძალიანდებიან იმიტომ, რომ დიდი ხანია აქ ვარ, მაგრამ სხვა მღვდელი რომ ავიდეს, არ ატარებენ.

მათ არ აქვთ უფლება, რომ გადაადგილება შეუზღუდონ იმ ადამიანებს, ვინც ფაქტობრივად მოიხმარენ ამ ტერიტორიას.

საქმის კურსში ჩავაყენე საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მაგრამ არაფერი იცვლება. მე მირეკავენ და მეკითხებიან, რა მდგომარეობაა“, - აღნიშნა მამა კირიონმა.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განაცხადეს, რომ განმარტებას ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინფორმაციით, სამი დღის წინ, უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 2 აზერბაიჯანელი მესაზღვრე გადმოვიდა, რამაც პრობლემები შექმნა, თუმცა ვითარება იმავე დღეს დალაგდა. მერის თქმით, სააღდგომოდ, დავით გარეჯში მსგავსი შეზღუდვები მომლოცველებზე გასულ წელსაც იყო.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საქმე ეხება ტერიტორიას, რომელიც ჯერ არ არის დემარკირებული. შეზღუდვებს გუბერნატორიც სააღდგომო დღეებს უკავშირებს.

 

ამ თემაზე:

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პუნქტების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო – ზალკალიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]