სუს-ის მტკიცებით, მორის მაჩალიკაშვილი, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, ტერაქტს ამზადებდა, რის მტკიცებულებადაც უწყებამ სავარაუდოდ მათი საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა.
მარიამ კუბლაშვილის თქმით, საქმე გასაიდუმლოებულია და არ შეუძლია, ისაუბროს კონკრეტულად რა შინაარსის კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა მორის მაჩალიკაშვილს, თუმცა, ადვოკატი ამბობს, რომ ეს „კითხვები გამოძიების საკითხთან რელევანტური არ იყო და აბსოლუტურად სხვა ფრაგმენტებს ითვალისწინებდა“.
„ჩვენთვის არ უჩვენებიათ, არ გადმოუციათ არცერთი მტკიცებულება. უშუალოდ არ მოგვისმენია ხმა, ვერ დავადასტურებთ ამ მტკიცებულებების არსებობას ან ავთენტურობას. ძალიან ბევრი ზოგადი კითხვა იყო.
კითხვები დაისვა იმ მინიშნებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა იცის ყველა ინფორმაცია ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ, ყველა დეტალი.
გამოკითხვა იყო ვრცელი და მორის მაჩალიკაშვილმა ყველაფერზე ზუსტად უპასუხა. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ მორის მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი, მოვაწერე ხელი საქმეს, გავეცანი მასალებს, რომელიც გასაიდუმლოებულია და არ გამაჩნია უფლება ვისაუბრო დეტალებზე.
ღიად შემიძლია განვაცხადო, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავების საფუძველი არ არსებობს და მიმაჩნია, რომ არც იარსებებს. დღეს გაცნობილი მწირი ინფორმაციით და დასმული კითხვებიდან გამომდინარე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს.
იმაზე მსჯელობა, რომ ხვალ მორისი შესაძლოა დააკავონ, ძალიან ადრეა. მე არ მომისმენია ეს ჩანაწერები და ნაადრევია დასკვნის გაკეთება. მესაჭიროება, რომ გავეცნო ამ მასალებს“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს, 7 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.
„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მისივე თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება მორის მაჩალიკაშვილს, ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე.
„მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
ნინო გიორგობიანის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სწორედ ამ საკითხზე გამოსაკითხად იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რაზეც მან უარი განაცხადა.
სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.