weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორი თვის წინ გამწარების დროს ნათქვამის გამო დღეს ტერორისტს მეძახიან – მაჩალიკაშვილი

23:47 სამშაბათი, 07 მაისი 2019

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას და გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება. სუს-ის მტკიცებით, მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენა ჰქონდა განზრახული, რომელიც მათ მიერ იქნა აღკვეთილი.

მალხაზ მაჩალიკაშვილის საპასუხო განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთ წელზე მეტი ხანი გავიდა ჩემს სახლში სუს-ის მიერ ტერირისტული აქტის ჩადენის შემდეგ და ხელისუფლებას არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დასადგენად. ეს ხელისუფლება არის ყრუ და ბრმა ჩემი და ჩემი ოჯახის ტრაგედიის მიმართ. ამ პირობებში ხელისუფლება აგრძელებს ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ ემოციურ, საინფორმაციო და სამართლებრივ ომს. სახელმწიფო ყოველ დღე გვანადგურებს ჩვენ და ეს პროცესი ერთი წელია უწყვეტად გრძელდება. უკვე შევეგუეთ! არც ერთი წამი შვება, იმედი არავინ გვაჩვენა!

მე ერთი წელია სამართლებრივი და პოლიტიკური გზებით ვიბრძვი სამართლიანობისთვის და ღირსებისთვის.

ამ ბრძოლაში მეგონა რომ მარტო ვიყავი, თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი მეგობრები და მხარდამჭერები შევიძინე. საქართველო ჩემი სამშობლოა და მე ამ ქვეყნის შვილი და მოქალაქე ვარ. როგორ შეიძლება საკუთარი ქვეყნის და ხალხის ერთგული ადამიანი ტერორისტად გამოაცხადონ ?! ხომ აშკარაა, რომ სუს-ის მიზანია მე, ჩემი ოჯახი ისევ ტერორისტებად მოგვნათლოს და ამ სახელით გაგვანადგუროს?!

9 თვეა თბილისის ცენტრში ქუჩაში ვდგავარ დღე და ღამე, სიცივეში და პაპანაქებაში. თუ მე საშიში ვარ ამ ქვეყნისთვის, თუ მე ტერორისტი ვარ რატომ არ მაკავებენ ამდენი ხანი?

ორი თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ?

კი, მე სულ მაქვს სურვილი გავიგო იმ ადამიანების შესახებ მეტი ვინც შვილი მომიკლეს. მაგრამ ეს დანაშაულის ჩადენაა? არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?!

მე მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადამიხვევია. არც არასდროს გადავუხვევ! მე ვრჩები კარავში და ვაგრძელებ სამართლებრივ ბრძოლას! თუ მე საფრთხეს წარმოვადგენ, მზად ვარ დამაკავონ! ჩემი სიცოცხლე უკვე დიდი ხანია დასრულდა. ყველას გისურვებთ მშვიდობას“, – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.

„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, ემუშავა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე - იოსებ გოგაშვილზე. სუს-მა სავარაუდოდ მათი საუბრის ფარული აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა.

„მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები და, აგრეთვე, გამგზავრებულიყო სოფელ ზემო მაჩხაანში სასაფლაოზე, რათა დაედგინა იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა და გადაეღო ფოტოები, ხოლო მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ნინო გიორგობიანის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი სწორედ ამ საკითხზე გამოსაკითხად იყო დაბარებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რაზეც მან უარი განაცხადა.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 323მუხლები) მიმდინარეობს.

„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]