„საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გარე წარმოების პროდუქტები აღარ გავა, რადგანაც იცვლება დამოკიდებულება თავად წარმოების პროცესის მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე აპირებს შიდა წარმოების პროდუქტები გამოიტანოს ეთერში. ამ შემთხვევაში განსხვავებული დამოკიდებულებაა საზოგაოდებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ გარე პროდუქტები. ეს იქნება დავუშვათ საკუთარი ბიუჯეტიდან თუ დონორების დახმარებით. ჩვენ ვიცით, რომ როგორც „წითელი ზონის“, ისე „ინტერVIEW“-ის შემთხვევაში ძალიან დიდია საზოგადოების ინტერესი“, - განაცხადა ნათია კაპანაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი სატელევიზიო პროგრამები „წითელი ზონა“ და „ინტერVIEW“ პირველი არხის ეთერში 2015 წლიდან გადიოდა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პროგრამების შეწყვეტის მიზეზად ახალ სეზონს და ახალ პროგრამებთან დაკავშირებულ გეგმებს ასახელებს.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა ტომას კენტიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას გამაწბილებელი უწოდა. მისი შეფასებით, ამ ორ პროგრამას საჯარო დისკურსსა და პოლიტიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. 16 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ტომას კენტიმ იმედი გამოთქვა, რომ პროგრამები არსებობას სხვა პლატფორმებზე განაგრძობენ.