იოსებ გოგაშვილმა ამ თემაზე ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა. ის მადლობას უხდის სუს-ს, რომელმაც, მისი თქმით, მომზადების პროცესში აღკვეთა დანაშაული.
„ჩემი ოჯახი, ფაქტობრივად, განადგურებას გადაურჩა, რადგან მაჩალიკაშვილს ეს ჰქონდა დაგეგმილი. ახლა უკვე პროკურატურაზეა ჯერი და მინდა, პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს, ეს ადამიანი როგორ მივიდა ამ დანაშაულის ჩადენამდე და მომზადებამდე“, – აცხადებს გოგაშვილი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 მაისს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა.
სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.
მაჩალიკაშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში სასიკვდილოდ დაჭრეს, იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა. სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან იოსებ გოგაშვილი ამოიცნეს.