weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

22:37 ხუთშაბათი, 09 მაისი 2019

პანკისის ხეობის მცხოვრებლები სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. ისინი მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერად ხვალ, 15:00 საათზე, დუისის ძველ მეჩეთთან შეიკრიბებიან.

იმავე დროს თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვაა დანიშნული.

ორი დღის წინ, 7 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერორისტული აქტის ჩადენა. სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის, ნინო გიორგობიანის განმარტებით, ამის შესახებ ცნობილი გახდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით.

„დანაშაულებრივი განზრახვის თანახმად, ტერორისტული აქტის ჩადენა იგეგმებოდა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო მაჩხაანში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავზე, იოსებ გოგაშვილის და მისი თანმხლები პირების მისვლის დროს, რასაც მოჰყვებოდა მათი და სხვა მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფა“, – განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2019 წლის 23 მარტს უშუალოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა მითითება ძმისშვილს, მორის მაჩალიკაშვილს, ემუშავა იოსებ გოგაშვილზე. სუს-მა სავარაუდოდ მათი საუბრის ფარული ჩანაწერიც გაავრცელა, რომლითაც, სუს-ის განცხადებით, მტკიცდება, რომ მორის მაჩალიკაშვილს უნდა დაედგინა იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი მისამართები, გადაადგილების მარშრუტები, იოსებ გოგაშვილის მამის საფლავის ადგილმდებარეობა, რის შემდეგაც მალხაზ მაჩალიკაშვილი დაგეგმავდა სხვა ქმედებებს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ საინფორმაციო ომს აგრძელებს. ის ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მისი შვილის სიკვდილში დამნაშავეთა დასასჯელად მშვიდობიანი და სამართლებრივი ბრძოლის გზიდან არ გადაუხვევია.

„ორი თვის წინ სადღაც გამწარების დროს ნათქვამი და ჩაწერილი სიტყვების გამო დღეს ტერორისტს მეძახიან. რატომ არ წამასწრეს დანაშაულზე და არ დამაკავეს, თუ ტერორისტი ვარ?

არავის გისურვებთ ამ სისასტიკის განცდას, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ. გამწარებული მამის, შვილმოკლული მამის მუდმივი დევნა, თვალთვალი და მისი სიბრაზის დროს ნათქვამი სიტყვების დევნა და გასაჯაროვება ეს არის სახელმწიფოს დანიშნულება?!“, – ასე გამოეხმაურა მაჩალიკაშვილი სუს-ის ბრალდებას.

სუს-ში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ან/და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებებით (სისხლის სამართლის კოდექსის 18, 323-ე და 3231 მუხლები) მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]