აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დირექტორობის კანდიდატები არიან: თორნიკე მჟავანაძე (უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრი), ირმა ზოიძე (სტუდია REC-ის ჟურნალისტი), დავით ჩხარტიშვილი (ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი), მერაბ წულუკიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი, გიორგი (გოგა) კოხრეიძე (საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი), გიორგი წულაია (აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი), შოთა გურაბანიძე (აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი), ნათია ზოიძე (აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი), ბაჩუკი ჩხეიძე (საზოგადოება „ბათუმელის“ თავმჯდომარე).
ორშაბათს, 27 მაისს, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო სხდომას გამართავს, რის შემდეგაც გამოქვეყნდება იმ კანდიდატების სია, ვისთანაც გასაუბრება გაიმართება. აჭარის ტელევიზიის დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიონ.
„დირექტორობის კანდიდატი, მისი სურვილით, წარმოადგენს კონცეფციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების სტრატეგიას. სავარაუდოდ, 4 ივნისისთვის გვეყოლება ახალი დირექტორი“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.