„ვადასტურებთ რომ აღნიშნული პიროვნება 2010 წლიდან არის „საქნახშირის“ თანამშრომელი და მუშაობს ელმავლის მემანქანედ. მიუხედავად იმისა, რომ ის ირიცხება კომპანიის თანამშრომლად, ცვლიანობის გრაფიკის გათვალისწინებით, დღეს მას სამუშაო დღე არ ჰქონდა“, – აცხადებენ „საქნახშირში“.
კომპანია განმარტავს, რომ 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ, როდესაც მინდელის სახელობის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, ტყიბულში ნახშირის მოპოვებითი სამუშაოები შეჩერებულია.
„კომპანიამ შეაჩერა ყველა კონტრაქტორ და კერძო პირთან ხელშეკრულებები და მიმართა მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა გაეტანათ. ასევე, კომპანიამ მიმართა შესაბაბის უწყებებს, რომ გაეკონტროლებინათ კერძო მოპოვების კარიერები, რათა არ მომხდარიყო უნებართვოდ შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი“, – აცხადებს „საქნახშირი“.
კომპანიის ინფორმაციით, მათ რამდენჯერმე დააფიქსირებს კარიერებზე უნებართვო შეჭრა და ნახშირის მოპოვება, რაზეც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს მიმართეს და საქმის კურსში ჩააყენეს წიაღის ეროვნული სააგენტო.
„კომპანიის მხრიდან წერილობითი შეტყობინება განხორციელდა, რათა გაეტარებინათ შესაბამისი ზომები წიაღის უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღკვეთის მიზნით, ვინაიდან კომპანიამ რამდენჯერმე მიმართა ინდმეწარმეებს, შეეჩერებინათ ნახშირმოპოვებითი სამუშაოები. კომპანია ფლობდა ინფორმაციას, რომ ხსენებული კონტრაქტორები პერიოდულად , ფარულად აგრძელებდნენ მოპოვებით სამუშოებს ლიცენზიის სამთო მინაკუთვნებში არსებულ გარე შახტებში“, – ნათქვამია „საქნახშირის“ განცხადებაში.
ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე მიწა და ქვანახშირის მასა ჩამოიშალა, რომელმაც 55 წლამდე მამაკაცი ქვეშ მოიყოლა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.