პირველ მცდელობაზე მერაბ წულუკიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა, თითო-თითო ხმა კი ირმა ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ნათია ზოიძემ მიიღეს. ამის შემდეგ განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდა, თუმცა ხმები იგივენაირად გადანაწილდა.
დირექტორის ასარჩევად საჭირო იყო, ერთ კანდიდატს სამი ხმა მიეღო.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა: ირმა ზოიძე, ნათია ზოიძე, ბაჩო გურაბანიძე, მერაბ წულუკიძე, თორნიკე მჟავანაძე, დავით ჩხარტიშვილი, ბაჩუკი (ნუგზარ) ჩხეიძე და გიორგი კოხრეიძე. მათგან ოთხი გასაუბრების შემდეგ მეორე ეტაპზე გადავიდა.
განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა ორშაბათს, 3 ივნისს გაიმართება.
„გვაქვს მოლოდინი, რომ ის კანდიდატები, რომლებიც აქამდე იყვნენ შემოსული ამ ბრძოლაში, თავიდან შემოვლენ და დააფიქსირებენ თავიანთ სურვილს, მართონ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი. შესაძლებელია იყვნენ სხვა ადამიანებიც, ვისაც კონკურსში მონაწილეობის სურვილი გაუჩნდება“, – განაცხადა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა.
მისივე თქმით, ტელევიზიას დირექტორი კიდევ ერთი თვე არ ეყოლება.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადა. კაპანაძეს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, თანამდებობაზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.